2:05 - Dec 10, 2024. ჭავჭავაძის გამზირი, პიქსელის სავაჭრო ცენტრი, თბილისი

თორნიკე მსხილაძის დაკავების კადრები

ვაკეში პოლიციამ მოქალაქე თორნიკე მსხილაძე და მისი თანმხლები ერთი პირი, სავარაუდოდ, დააკავა. თორნიკე მსხილაძე პოლიციამ გააჩერა და მანქანიდან გადასვლა მოსთხოვა.

მოქალაქემ სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერი ჩართო და პოლიციას მისი შეჩერების მიზეზს ეკითხებოდა. პოლიციამ მას უთხრა, რომ პირადი ჩხრეკის მიზნით შეაჩერა. ვიდეოში თორნიკე მსხილაძე ამბობს, რომ მის „ზედაპირულად დასათვალიერებლად“ სამი პოლიციის მანქანაა მისული.

პოლიციამ მოქალაქე „ზედაპირულად დაათვალიერა“, შემდეგ კი უთხრა, რომ მის მანქანასაც დაათვალიერებდნენ. ლაივვიდეო 15 წუთს გრძელდება. თორნიკე მსხილაძემ აღნიშნა, რომ ის საპროტესტო აქციიდან მოდიოდა და აქვს შშმ პირის სტატუსი. პოლიციამ მოქალაქის მანქანიდან ამოიღო ნივთები და ფოტოები გადაუღო, თუმცა უარყოფდა, რომ ეს იყო ჩხრეკა.

„მოხდა რაღაც შემთხვევა, ვიღაცები სცემეს და მაგის ნიადაგზე ვამოწმებთ რამოდენიმე მანქანას“, - თქვა პოლიციელმა. ბოლოს მას ტელეფონის ჯიბეში ჩადება მოსთხოვეს, რაზეც თორნიკე მსხილაძემ უარი თქვა. ამის შემდეგ მისი პირდაპირი ეთერი გაითიშა.

მსხილაძის და მისი თანმხლების სავარაუდო დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს.