20:27 - Dec 23, 2024. ფოთი, სოციალური კაფე "ლიმენა"
"ქართული ოცნების" აქტივისტი თავს დაესხა ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას
ჟურნალისტმა ელისო ჯანაშიამ თითქმის ორი საათი გაატარა ფოთის პოლიციაში გამოკითხვაზე. გამომძიებლებთან საუბრისას დაწვრილებით გაიხსენა 23 დეკემბერს, ფოთში, აღმაშენებლის 19 ნომერში თავდასხმის დეტალები. ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი ქულანავა დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა, ამოაგლიჯა თმის ბღუჯა.
ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში თავად ელისო ჯანაშიამ გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ჟურნალისტის ინფორმაციით, 23 დეკემბრის ღამესვე გამოჰკითხა პოლიციამ მასზე თავდამსხმელი ქალი.