ვახტანგ დაბრუნდაშვილი

პოლიციელი
პოლიციელ ვახტანგ დაბრუნდაშვილთან დაკავშირებული საქმეები:
1. მოწმე დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის პროცესზე 2025 წლის 19 მარტს
2. მოწმე ანატოლი გიგაურის პროცესზე 2025 წლის 15 აპრილს


დაბრუნდაშვილის ჩვენება დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის პროცესზე
პოლიციელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი იყო მოწმე დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის პროცესზე. მათ პროკურატურა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, „რის შედეგადაც დაზიანდა შსს-ს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი”. ბრალდებულები ბრალს უარყოფენ.
 
2025 წლის 19 მარტის პროცესზე ვახტან დაბრუნდაშვილმა განაცხადა, რომ ზაჰესის იზოლატორში ყოფნის დროს ბრალდებულები თავად გამოჰკითხა და მათგან აღიარებითი ჩვენება მიიღო.
ბრალდებულები კი ამბობენ, რომ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობდნენ მის შინაარს, არ მიეცათ ადვოკატის დასწრების შესაძლებლობა.
როგორც თავით ლომიძემ სხდომაზე განაცხადა, გამოკითხვის დროს მისთვის გახდა ცნობილი, რომ „ხელი სისხლზე მოაწერინეს“.
💬 „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მხედველობის პრობლემა აქვს, თუმცა არც მიუწვდია არავის ოქმი, წაიკითხეო. თემურ ზასოხაშვილს კი თავ-პირი ჰქონდა გაერთიანებული, ჩასისხლიანებული თვალებით ნორმალურად ვერ იყურებოდა.
რეალურად, [პოლიციელს] თავისივე შედგენილი ტექსტი ჰქონდა, სულ სხვა რაღაცებს ეუბნებოდნენ ბრალდებულებს, ამავდროულად ელაპარაკებოდა ვინმე ნოდარიჩს... პირდაპირ დოკუმენტებზე მოხდა ხელის მოწერა, გამოკითხვა არც მომხდარა“, - ამბობს ადვოკატი.
მისივე ცნობით, ეს ადამიანები ღამის საათებში არიან „გამოკითხულები“, „ღამე იმიტომ შევიდნენ, რომ დაკავებიდან 2 დღე იყო გასული და ადრე და თუ გვიან მათ ვიღაც მიაკითხავდა, მოიკითხავდა ან ადვოკატი ან ოჯახი, ამიტომ ჩქარობდნენ“.
_______________
ლომიძე და ზასოხაშვილი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები. ადვოკატის ცნობით, აქციაზე მათზე და სხვა პირებზე განხორციელდა ძალადობა შსს-ს თანამშრომლების მიერ, ასევე გამოკეტილი ჰყავდათ ე.წ. მიკროავტობუსში.
„მარტო ცემით არ შემოიფარგლნენ, სპრეისაც ასხამდნენ [მიკროავტობუსში], შემდეგ კარებს ხურავდნენ და გარკვეული დრო ასე აჩერებდნენ - ეს იყო ტანჯვისა და წამების ერთგვარი მეთოდი", - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი.
როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას ვარდიაშვილი ამბობს, რომ ლომიძე-ზასოხაშვილის მონაწილეობა ვერ დგინდება ვიდეოს ექსპერტიზით, რომელიც პირების იდენტიფიცირების შესაძლებლობას არ იძლევა. სწორედ ამის გამო გამოძიებამ „ამოცნობა“ ჩაატარა ფოტოსურათით - „ამომცნობები“ კი გდდ-ის თანამშრომლები იყვნენ.

დაბრუდაშვილის ჩვენება ანატოლი გიგაურის პროცესზე 2025 წლის 15 აპრილს

ვახტანგ დაბრუნდაშვილი არის გამომძიებელი, ვინც შეადგინა გიგაურის დაკითხვისა და ჩხრეკის ოქმები მისი დაკავების შემდეგ.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში ბორკილებდადებულს სცემა საქმეში დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა, ვახტანგ გაბუნიამ. დაკავებული ამბობს, რომ ამ დროს ოთახში იყო თავად დაბრუნდაშვილიც, თუმცა მას რეაგირება არ ჰქონია. მოწმე პოლიციელი მომხდარს უარყოფს.

ბრალდებული ანატოლი გიგაური: “თქვენს ოთახში რაც ხდებოდა, ხართ თუ არა მაგაზე პასუხისმგებელი?

პოლიციელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი: “რა საგამოძებო მოქმედებებიც ჩაატარა, აღვნიშნე მე და იმათზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ”

ბრალდებული ანატოლი გიგაური: “თუ რამე დარღვევა მოხდა ჩემ მიმართ, იმაზეც იღებთ პასუხისმგებლობას? შენს ოთახში, თუ შენ არ განახორციელე რეაგირება, მაგაზეც იღებ პასუხისმგებლობას?”

პოლიციელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი: “რა დარღვევას გულისხმობთ?”

ბრალდებული ანატოლი გიგაური: “ვთქვათ, მოხდა დარღვევა. ჰიპოტეტურად ვისაუბროთ. როგორც სამართალდამცველი, ხართ თუ არა პასუხისმგებელი, რომ რეაგირება განგეხორციელებინათ?”

ამ დროს პროკურორმა თამარ იაკობიძემ კითხვის აცილება მოითხოვა. მან განმარტა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე მხარეებმა ფაქტები უნდა განიხილონ და არა ჰიპოთეტური დაშვებები. ამის შემდეგ დაკავებულმა პოლიციელს პირდაპირ ჰკითხა, იღებდა თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ პოლიციელმა ვახტანგ გაბუნიამ მისსავე კაბინეტში, მის თვალწინ სცემა.

ბრალდებული ანატოლი გიგაური: “თქვენს ოთახში შემოვიდა გაბუნია და თავში მირტყამდა მუშტებს, იმ მუშტების შედეგად მე სისხლჩაქცევები განმივითარდა თავზე. შენს ოთახში სისხლჩაქცევები განმივითარდა თავში. თქვენს ოთახში, თქვენ წინ, როცა თქვენ ვითომ არ იყურებოდით და კომპიუტერს აწკაპუნებდით, თავში მე მირტყამდნენ, თქვენ არც რეაგირება განახორციელეთ …

გამომძიებელმა ვახტანგ დაბრუნდაშვილმა გიგაურს საუბარი შეაწყვეტინა, რის შემდეგაც მას მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ ჰკოთხა, ადასტირებს თუ არა ბრალდებულის მონათხრობს.

“არ ყოფილა ეგეთი ფაქტები რა, ბატონო მოსამართლე”, – უპასუხა მოსამართლეს პოლიციელმა.

გიგაურის თქმით, პოლიციელმა ვახტანგ გაბუნიამ, ვისზე თავდასხმასაც მას ედავებიან, მოსთხოვა ტანსაცმლის გამოცვლა. გიგაური განმარტავს, რომ მისი ტანსაცმელი ცემის გამო იყო სისხლით დალაქავებული. სწორედ ამიტომ უნდოდათ პოლიციელებს მას გამოეცვალა, რათა დაემალათ ტანსაცმელი, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებდა. გიგაურის თქმით, სწორედ ამ საუბრისას გაუსწორდა ფიზიკურად მას გაბუნია იმ დროს, როცა ხელბორკილები ედო.

მოწმე პოლიციელმა განაცხადა, რომ დაკავებულის შარვალისა და სხვა ნივთების ამოღება “სისხლისსამართლებრივი საჭიროება იყო” და დაადასტურა, რომ ტანსაცმელი გამოაცვლევინეს – “აბა, შიშველს ხომ არ წავიყვანდით [იზოლატორში]?”

მან, ასევე, დაადასტურა, რომ ანატოლი გიგაური განყოფილებაში გააშიშვლეს. ამ შემთხვევაშიც “გაოძიების ინტერესები” დაიმოწმა.

ბრალდებული ანატოლი გიგაური:  “გაქვთ თუ არა უფლება, ადამიანი გააშიშვლოთ, გახადოთ ტანსაცმელი?”

პოლიციელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი: “მე არ ვიცი, რას გულისხმობს ბატონი გიგაური, ჩხრეკა ჩატარდა, პირადი ჩხრეკა”

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია: “გააშიშვლეთ?”

პოლიციელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი: “რა თქმა უნდა, პირადი ჩხრეკა ჩატარდა, შემოწმებულ იქნა, რომ ამოგვეღო, რამე ხომ არ ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი. პირონება როდესაც გადაჰყავთ იზოლატორში, უნდა შემოწმდეს.”

“გამომძიებელმა, რომელმაც ნახა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ანატოლი გიგაურს ხელს ურტყამს პოლიციელი, დათვალიერების ოქმში საერთოდ არ აღნიშნა, რომ ეს ე.წ. დაზარალებული ხელს ურტყამს ანატოლი გიგაურს. ამ პირობებში წარმოუდგენელია, ამ გამომძიებელმა ან სხვა გამომძიებელმა როგორ უნდა შეძლოს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ობიექტურად გამოძიება. ასეთი “ობიექტურად გამოძიებული” სისხლის სამართლის საქმე აქვს პროკურტაურას წამოღებული სასამართლოში და ასეთი საქმით ცდილობს, რომ ანატოლი გიგაური ცნონ დამნაშავედ.

თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ ის ქმედება, რაც ანატოლი გიგაურმა განახორციელა პოლიციელის მიმართ, იყო აუცილებელი მოგერიებიდან გამომდინარე. მათ შორის, ეს არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც არის ყველაზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი. შესაბამისად, თუ მოსამართლემ ბევრ რამეზე არ დახუჭა თვალი და საქმე განიხილა ობიექტურად, აუცილებლად უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი”, – განაცხადა სხდომის შემდეგ გიგაურის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ.

პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამიძიება დაწყებული აქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. თუმცა გიგაურს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა უწყებამ გამოძიების ფარგლებში.

ანატოლი გიგაური დააკავეს 2024 წლის 25 ნოემბერს, საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლს სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გიგაური ადასტურებს ფაქტს, რომ ხელი ჰკრა პოლიციელს, მაგრამ ამბობს, რომ ეს იყო თავდაცვა. ის ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე, რუსთაველისკენ მსვლელობით მიმავალს, მას პოლიციელმა ჯერ მუშტი დაარტყა, შემდეგ კი შეაგინა. მაშინ, როცა მეორედ სცადა მისთვის მუშტის დარტყმა, მან პოლიციელს ხელი ჰკრა და მოიშორა. რამდენიმე საათის შემდეგ სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.

როგორ გიგაური ჰყვება, ის ჯერ უშუალოდ დაკავების ადგილას სცემეს, შემდეგ კი, პოლიციის განყოფილებაში. მისვლამდე პოლიციელები ცდილობდნენ მისთვის სისხლდენის შეჩერებას, რადგან არ უნდოდათ, სისხლიანი შეეყვანათ შენობაში. როგორც გიგაური ჰყვება, განყოფილების ეზოში მისულები უკან გამოაბრუნეს, მიიყვანეს ახლომდებარე აფთიაქთან, იყიდეს პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები, სისხლდენა შეუჩერეს და მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნეს განყოფილებაში.