შსს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი
მარიამ კერესელიძე შსს-ს იურისტია და ის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციულ საქმეებზე შსს-ს წარმოადგენს სასამართლოებში.
თეა ლაღიძესთან ერთად მარიამ კერესელიძე ბრალმდებელია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეშიც. თეა ლაღიძე კი ის ქალი პოლიციელია, რომელიც მზია ამაღლობელის დასჯას მსუსხავი ეფექტით ითხოვდა. სწორედ ამ ორმა ქალმა პოლიციელმა გააყალბა მზია ამაღლობელის საქმეში მტკიცებულება.
შსს-ს მიერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში მტკიცებულებების გაყალბების ფაქტი მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საერთაშორისო ექსპერტიზით დაადგინეს. ავტორიტეტული ფრანგი ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა 29 მაისს წარუდგინეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ექსპერტიზის პასუხის შედეგად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პროცესი 19 ივნისამდე გადადო.
ინფორმაციული უსაფრთხოების და რევერსული ინჟინერიის კვალიფიციური ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე წარდგენილი [ვიდეო] კადრი და სისხლის სამართლის საქმეში არსებული კადრი, ასახავს ერთსა და იმავე მოვლენებსა და პირების ქმედებებს“.
საქმე ისაა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში, რომელშიც შსს მას პოლიციელების შეურაცხყოფას ედავება, შსს-ს იურისტებმა, მარიამ კერესელიძემ და თეა ლაღაძემ წარადგინეს ვიდეოები, რომელიც 12 იანვრის მოვლენებს ასახავს და კავშირი არ აქვს 11 იანვარს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან.
მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს, საღამოს 11 საათისთვის. დაახლოებით 1 საათში ის ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს და გათავისუფლებიდან მალევე, 12 იანვარს, 00:52 წუთზე დააკავეს.
----------------------
2025 წლის 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს, „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ სამინისტროს მედალიონით ქალი პოლიციელი მარიამ კერესელიძე დააჯილდოვა.
„განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მარიამ კერესელიძე,“ – ამ ტექსტის ფონზე გადასცა ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ მას ჯილდო.